თბილისის წიგნის 28-ე საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც 2026 წლის 29–31 მაისს გაიმართა მონაწილეობა მიიღო კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა. ფესტივალის ფარგლებში ცენტრმა ფართო საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებს წარუდგინა საკუთარი სამეცნიერო-საგამომცემლო საქმიანობის მნიშვნელოვანი შედეგები და უახლესი გამოცემები.
29 მაისს გაიმართა ოთხი მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოცემის პრეზენტაცია.
ფესტივალის აუდიტორიას წარედგინა დავით გვრიტიშვილის მონოგრაფია – „ივანე ჯავახიშვილი ქართლის ცხოვრების მესაიდუმლე“, რომელიც ეძღვნება ქართველი მეცნიერისა და ისტორიკოსის, ივანე ჯავახიშვილის, ცხოვრებასა და სამეცნიერო მოღვაწეობას. ნაშრომში განხილულია მისი ბიოგრაფიის ძირითადი ეტაპები, აკადემიური საქმიანობა და განსაკუთრებული წვლილი ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების განვითარებაში. გამოცემა წარადგინა ზაზა აბაშიძემ.
ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის პირველი ტომი, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გამოიცა. აღნიშნულმა გამოცემამ საფუძველი ჩაუყარა ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა 20-ტომიან აკადემიურ სერიას და გააერთიანა ძველი ქართული და ძველი სომხური საისტორიო მწერლობის ტექსტები, სარედაქციო წერილები და კომენტარები. გამოცემა წარადგინა გონელი არახამიამ.
ასევე, ნაშრომი „ქართულ-ბერძნული ხელნაწერი (Q.1.58) სანკტ-პეტერბურგის კოლექციიდან – ტრადიცია და ინოვაცია“, რომელიც ინტერდისციპლინური კვლევის შედეგს წარმოადგენს. გამოცემა აერთიანებს ტექსტოლოგიურ-კოდიკოლოგიურ, ენობრივ და ხელოვნებათმცოდნეობით ანალიზს და მნიშვნელოვანი წყაროა XV საუკუნის ქართული ხელნაწერი კულტურისა და მისი სოციალურ-კულტურული კონტექსტის შესასწავლად. გამოცემა წარადგინა ეკა დუღაშვილმა.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ფართო საზოგადოებისთვის ცენტრის სამეცნიერო და საგამომცემლო საქმიანობის გაცნობის, ასევე ქართული ხელნაწერი და ისტორიული მემკვიდრეობის კვლევის მიმართულებით განხორციელებული უახლესი პროექტების წარმოსაჩენად.